ჯიმ რიშმა ეკა გიგაურს მიმართა - ქართველი ხალხის სურვილების შესახებ რასაც ამბობთ, თუ სიმართლეა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ოქტომბერში გააძევონ გაიძვერები
ქართველი ხალხისა და მათი სურვილების შესახებ რასაც ამბობთ, თუ მართალია, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ოქტომბერში გააძევონ გაიძვერები და აიღონ საკუთარი მომავალი თავიანთ ხელში, – ასე მიმართა სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, რომელიც მოწმის სტატუსით წარდგა.
„ჩვენ ამ სიტუაციას 2012 წლიდან შორიდან ვაკვირდებით და უკმაყოფილებას გამოვთქვამთ, რადგან ვხედავთ უკუსვლას და ეს არ გვესმის. თქვენ ხართ ქვეყანა 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით, თქვენ მოიპოვეთ თავისუფლება რუსეთისგან და რატომ უნდა იხრებოდეს ქვეყანა ისევ იმ მიმართულებით? ჩვენ ვუყურებთ საქართველოს და ვადარებთ მას ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას. ისინიც პატარა ქვეყნებია, ორი მათგანი 1.5 მილიონი მოსახლეობით და ერთი – 2.5 მილიონით. ეს ხალხი მუდმივად გვსტუმრობს. ისინი გაერთიანებული არიან, მტკიცედ დგანან, ეშინიათ, ჩვენი დახმარება სურთ. მათ არ სურთ, რუსეთთან რაიმე კავშირი ჰქონდეთ, ნებისმიერი გზით ან ფორმით. თუმცა, აქ არის საქართველო, სადაც რუსეთი შეიჭრა. მათ აიღეს ორი ტერიტორია და პირობა დადეს, რომ დატოვებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ წასულან – ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებს ინარჩუნებენ. ყოველთვის იქნება რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ რატომ გყავთ ხალხის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელსაც, როგორც ჩანს, სურს, დაუბრუნდეს კომუნისტურ და სოციალისტურ ცხოვრების წესს, რომელიც რუსეთს ჰქონდა? დაგვეხმარეთ ამის გაგებაში.
დღევანდელ სამყაროში, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის ფონზე, ყოველთვის არსებობს დეზინფორმაცია. ჩვენ ამერიკაში გვჯერა, რომ მაგიდაზე თუ ყველა ფაქტი იქნება წარმოდგენილი, ჭკვიანი ხალხი ან თუნდაც ნახევრად ჭკვიანი ხალხი საკმაოდ სწრაფად მიხვდება, რომ დემოკრატია გაცილებით უკეთესია, ვიდრე ავტორიტარიზმი. ჩვენ ვხედავთ ასეთი სახის დეზინფორმაციას აქაც, მაგრამ მისი ეფექტი საკმაოდ მინიმალურია. თქვენ იმედს მაძლევთ, როდესაც მეუბნებით, რომ უმრავლესობას სურს სწორი საქმის კეთება“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.
სენატორის თქმით, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან.
„გეტყვით, რომ ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს მომავალ თვეში. სენატორი შაჰინი და მე შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით იმ არჩევნებით, რომლებიც ვნახეთ. ჩვენ არ ვიყავით ერთადერთი დამკვირვებლები. ცხადია, იყვნენ დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან, ბევრი მათგანი ევროპიდან, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. უნდა გითხრათ, რომ ეს არჩევნები იყო ყველაზე გამჭვირვალე, რაც კი ოდესმე მინახავს. მე ბევრ არჩევნებში ვყოფილვარ, თავად 36-ჯერ ვიყარე კენჭი. ასე რომ, ვიცი როგორია ეს და გაოცებული დავრჩი. რასაც ამბობთ ქართველი ხალხისა და მათი სურვილების შესახებ, თუ სიმართლეა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ოქტომბერში გააძევონ გაიძვერები და აიღონ საკუთარი მომავალი თავიანთ ხელში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.