ჯიმ რიში - კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია
სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებით, დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე. ამის შესახებ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.
„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება”, – აცხადებს რიში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.