ჯიმ ო'ბრაიენი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა – რომელიც თაობაში ერთხელ ან, შესაძლოა, რამდენიმე თაობაში ერთხელ ჩნდება ხოლმე – ავაშენოთ სავაჭრო გზა ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა შეერთებული შტატები მზად, იმოქმედოს, როგორც ორ მხარეს შორის შეთანხმების გარანტორმა, ო’ბრაიენმა თქვა, რომ აშშ-თვის არცერთ მხარეს არ უთხოვია ამ როლის შესრულება.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს. რეალურად, ამ ორი მხარის გადასაწყვეტია, შეგვეძლება რაიმე როლის შესრულება თუ საერთოდ არანაირი როლი არ დაგვეკისრება. ჩვენ არ ვცდილობთ, ჩავერიოთ პროცესებში ან ვიმოქმედოთ, როგორც ზესახელმწიფომ რეგიონში“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.