ჯიმ ო’ბრაიენი - სანქციებზე ენტონი ბლინკენის გუშინდელი განცხადების საფუძველზე სიას არ გამოვაქვეყნებთ, ამის გაკეთების საშუალებას კანონიერი უფლებამოსილება არ გვაძლევს
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება ქვეყნის „დაშანტაჟებას“ არ ნიშნავს.
„ვფიქრობთ, ვადასტურებთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში. ეს ჩემი გასულ კვირას [საქართველოში] ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს [ამერიკის გადაწყვეტილება] იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ შვიდი მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე ისაა, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა როგორც გაწევრიანების მცდელობასთან, ისე, რეალურად, გაწევრიანებასთან“, – ამბობს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განმარტავს, როგორ მუშაობს პროცესი და რა მოლოდინი შეიძლება, ახლა საქართველოს ხელისუფლებას ამერიკისგან ჰქონდეს.
„რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს“, – აღნიშნავს ო’ბრაიენი.
მისივე თქმით, შეზღუდვები დაუწესდებათ იმ ადამიანების ოჯახის წევრებსაც, ვინც სიაში მოხვდება.
„მოგეხსენებათ, დებულების მიხედვით, ეს [სავიზო შეზღუდვები] მხოლოდ თანამდებობის პირებს კი არა, მათი ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. კიდევ ერთხელ, ეს არ არის იძულებითი ტაქტიკა, ეს განცხადებაა, რომ თუ გსურს იყო ჩვენი საზოგადოების წევრი, მათ შორის ისარგებლო ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა აირჩიო ნებისმიერი სკოლა, სადაც გინდა, რომ შენი შვილი სწავლობდეს, მაშინ უნდა დაიწყო ისე ქცევა, როგორც ამ საზოგადოების წევრს შეეფერება. მხოლოდ ესაა, რასაც ვამბობთ“, – ამბობს ო’ბრაიენი.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მზად არის ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.
„ვისურვებდით, გვქონოდა ტექნიკური რუტინული საუბრები [საქართველოსთან], რადგან წამოჭრილი საკითხები ისეთია, რომელთა წინაშეც ყველა ქვეყანა დგას და ჩვეულებრივად აგვარებს მათ.
ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქმედებები, ვგულისხმობ ძალადობას და დაშინებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ უჭერენ მხარს მთავრობას, და იმ საკანონმდებლო ჩარჩოების ამოქმედებას, რომლებიც შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რის შესასრულებლადაც მთავრობა აირჩიეს. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ესაა დემოკრატიული პროცესების შერყევის მცდელობა, კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება მათ მიმართ, ვინც [აქციაზე] მივიდა“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.
ო’ბრაიენის თქმით, ამერიკის შეშფოთებისა და კონკრეტული პრობლემების შესახებ პირადად ესაუბრა საქართველოს ხელისუფლებას.
„ძალიან დეტალური საუბრები მქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავის თავს დაუსახა. ასევე, ვენეციის კომისიამ, ევროპულმა ორგანომ, რომელიც კანონებს აფასებს, ამ კვირაში ძალიან მტკიცე მოსაზრებები გაავრცელა, რაც ამავე შინაარსისაა. ასე რომ, საკითხი ეხება იმას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა“, – აცხადებს ჯიმ ო’ბრაიენი „ამერიკის ხმასთან“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.