ჯიმ ო’ბრაიენი - კანონი თუ წინ წაიწევს ისე, რომ არ იქნება ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში, ვიხილავთ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ინდივიდუალური პირების, მათი ოჯახების მიმართ
კანონი თუ წინ წაიწევს ისე, რომ არ მოხდება მისი შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნორმებთან და გაგრძელდება ასეთი სახის რიტორიკა ამერიკის, სხვა პარტნიორების წინააღმდეგ, მაშინ ეს ურთიერთობა საფრთხის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო თუ აშშ-ს მიიჩნევს მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად, გადაიხედება მხარდაჭერა, ასევე ვიხილავთ აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს, მათ შორის ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს.
„მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, აშშ-ს აქვს გამოყოფილი 390 მილიონი დოლარის მხარდაჭერა, რომლის დახარჯვასაც ვგეგმავთ საქართველოს მთავრობასთან ერთად. ეს მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას, ასევე ეკონომიკური განვითარების პროექტებს, ინსტიტუტების მშენებლობას და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ამ ყველაფრის გადახედვა მოგვიწევს, თუ ჩვენ, აშშ-ს მიგვიჩნევენ მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად. კანონი თუ წინ წაიწევს ისე, რომ არ იქნება შესაბამისობაში ნორმებთან, თუ ვნახავთ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და იქნება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვიხილავთ აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს. ეს იქნება ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები იმ ინდივიდუალური პირების და მათი ოჯახების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე. მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მინდა, ეს მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ მინდა, საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ ძლიერი დემოკრატიით. იმედი მაქვს, ეს არის ის გზა, რომელიც ხელახლა დაიწყება დღეს და თუ არა, ჩვენ ამ საკითხებს გადავხედავთ ძალიან მალე“, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.