ჯიმ ო’ბრაიენი - ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული
ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯიმ ო’ბრაიენმა კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა, შეხვედროდა ჯეიმს ო’ბრაიენს, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა, მისი პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ შეხვედრას ვერ გამართავს“.
„ეს არის არარეალური, მცდარი და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსთან ურთიერთობების სრული არცოდნა. ერთი მაგალითი იმისა, რაც წუხელ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა – ჩვენ კონტაქტი დავამყარეთ დიალოგისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ჩვენ მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში კანონისა და ურთიერთობების განხილვაზე. ევროკავშირს ჰქონდა დისკუსია აქ და დაჰპირდნენ დროს კანონის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჩამოსვლამდე მე ვიკითხე, რომ მოხარული ვიქნებოდი, კიდევ ერთხელ ვიხილო ბატონი ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ ის მე არ შემხვდებოდა, რადგან ჩვენ ივანიშვილი დე ფაქტო სანაქციების ქვეშ გვყავს. ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული. ასეთი გავლენიანი პირისთვის ასე ძლიერ მცდარად ინფორმირებულობა არის შოკის მომგვრელი და იმედგაცრუებას იწვევს.
პრემიერ-მინისტრისთვის იმის თქმა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, არის ამ პირადი ინტერესის ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე მაღლა დაყენება, რაც გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად. სწორედ ამიტომ, მე ვთქვი, რომ კანონი არის მხოლოდ ერთი ნაწილი ფართო საუბრის. ეს მოიცავს იმას, რაც, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი და შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი აქამდე კონსტრუქციულ და პროდუქტიულ პარტნიორობაში“, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა.