ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობდნენ, შესვენება გამოცხადდა.
სხდომას ესწრებოდნენ დაკავებულები, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები.
ადვოკატ დალი სულაქველიძის განცხადებით, მოსამართლე ქეთევან თხელიძეს შუამდგომლობებით მიმართეს. მისი თქმით, მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც, დაკავებულებმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს და მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
„აზრი არ აქვს ამ სპექტაკლში მონაწილეობას. დაცვის მხარეს არანაირი გარემოება და საშუალება არ მოგვცეს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები წარმოვადგინოთ. ოთხი შუამდგომლობა დავაყენეთ და არც ერთი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ვითხოვდით მოსამართლის აცილებას, რადგან ნახევარი საათის შემოსული იყო საქმე, როცა დაგვიკავშირდა თანაშემწე და გვითხრა, რომ პროცესი ჩანიშნული იყო. შეუძლებელი იყო ამ დროში მოსამართლე გაცნობოდა საქმის მასალებს, რის მიხედვითაც უნდა ემსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე. შემდეგ მოვითხოვეთ, რომ გონივრული ვადა მიეცათ, რათა გავცნობოდით მასალებს, თუმცა მოსამართლემ არც ეს გაითვალისწინა. მოვითხოვეთ პროკურორის აცილება და არც ეს დაკმაყოფილდა. სამივე შუამდგომლობაზე როცა უარი გვეთქვა, შემდეგ დავაყენეთ ისევ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. როცა დაინახეს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა, რომ აზრი არ ჰქონდა პროცესში მონაწილეობას, დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი. ამის შემდეგ ჩვენც დავტოვეთ დარბაზი. აზრი არ აქვს პროცესში მონაწილეობას“, – განაცხადა ადვოკატმა დალი სულაქველიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ექვსი პირი პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.