ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანას მცირე დაპირისპირება მოჰყვა
ქუთაისში, სამხარეო პოლიციის შენობასთან ხმაური იყო.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ექვსი პირის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციის შენობიდან გამოსულ მანქანებში მათ დაკავებულები დაინახეს. აქციის მონაწილეებმა მანქანებთან მიახლოება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და ისინი გზის მეორე მხარეს გადაიყვანა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოსკენ მიდიან, სადაც 17:00 საათზე დაკავებულების პროცესი უნდა გაიმართოს.
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სპორტსმენები, სულ ექვსი პირი დააკავეს. დაკავებული არიან ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები და მათი ბიძაშვილები, ირაკლი და გელა ჭელიძეები.
შსს-ს ინფორმაციით, ექვსი პირი პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.