ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სენაკში დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი წევრი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სენაკში დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი წევრი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ს.კ., 1977 წელს დაბადებული კ.ტ. და 1992 წელს დაბადებული გ.ბ.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 19 ივნისს სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს და სამკაულები გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, ასევე, დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა – ს.კ.-მ და გ.ბ.-მ მიმდინარე წლის 28 მაისს მარტვილში 2 მოქალაქის საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სამი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები და ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.