ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1989 წელს დაბადებული ო. დ. და 1990 წელს დაბადებული ჯ. ქ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თბილისში, სამ თანამზრახველთან ერთად, მოქალაქე ფ.ც.-ს და ვ.მ-ს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით ყაჩაღურად გასტაცეს „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა, ფული, მობილური ტელეფონები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღური ჯგუფის 2 წევრი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

პოლიცია ბრალდებულების თანამზრახველების დაკავების მიზნით ინტენსიურ სამძებრო-საგამოძიებო და სხვა ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.