ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვახტანგ გიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ბესიკ თამლიანს ბრალი დღეს წარედგინება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს. დაკავების ოქმში და მოსამართლის განჩინებაში დაკავების შესახებ არის მითითება, რომ მას განხორციელებული აქვს 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც ძალადობრივ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად შეღწევის მცდელობას გულისხმობს. ასევე საუბარია პოლიციის მუშაკებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. თუ დააკვირდებით გავრცელებულ კადრებს, ჩანს, რომ ორჯერ ურტყამს ხელს ფარს, არავისზე არ ახორციელებს თავდასხმას. ვიდრე კადრებამდე მივიდოდა საქმე, წინა ეპიზოდში სპეცრაზმელები და პოლიციელები უსწორდებიან მოქალაქეებს, მათ შორის ქალბატონებს აგდებენ პარლამენტის წინ შადრევანში, რაც შეიძლება ფატალურად დამთავრებულიყო. ამაზე გაღიზიანდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მას არავითარი თავდასხმა არ განუხორციელებია არავისზე, მითუმეტეს არ უცდია პარლამენტში შეჭრა, პირიქით იმ საღამოს ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაკავების მომენტში და დაკავების შემდგომ მას უსწორდებოდნენ, ამის მტკიცებულებებს ჩვენ წარმოვადგენთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბესიკ თამლიანი რუსეთის მოქალაქეა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ამას არანაირი საერთო არ აქვს პარლამენტის შენობის წინ მომხდართან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი გუშინ დააკავა.