„ჯეუ გრუპი“ - მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და აღმოვფხვრათ ყველა ხარვეზი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე
„ჯეუ გრუპი“ - მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და აღმოვფხვრათ ყველა ხარვეზი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე

შპს „ჯეუ გრუპი“ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და აღმოფხვრან ყველა ხარვეზი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე.

„დღეს მოვისმინეთ თბილისის მერის კახა კალაძის შენიშვნები ჩვენ მიერ შესრულებული პროექტის – კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

ამას დღესვე მოჰყვა შეხვედრა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან და დეტალურად გავეცანით ყველა იმ პრობლემას, რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიქმნა რეაბილიტირებულ გზებზე.

ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და აღმოვფხვრათ ყველა ხარვეზი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე, მას შემდეგ, რაც ავტომანქანების ნაკადი კვლავ გადაინაცვლებს ძირითად გზაზე.

წლებია, როგორც კონტრაქტორი კომპანიები, სხვადასხვა ტენდერის საფუძველზე ვემსახურებით თბილისის მერიას და მუნიციპალიტეტის დაკვეთით ვახორციელებთ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე წამყვანი პოზიციებისა და ჩვენი კლიენტების ნდობის შენარჩუნება, მათ შორის დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების მერიასთან თანამშრომლობით შესრულება.

მიმდინარეობს აღნიშნული დეფექტების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

მერია და საზოგადოება დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ხარვეზების აღმოფხვრის ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენი კომპანიის მიერ ბევრი წარმატებული პროექტია განხორციელებული და ვიმედოვნებთ მათ რიგში ჩადგება კახეთის გზატკეცილი“, – აცხადებენ შპს „ჯეუ გრუპში“.

დღეს კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა.