ჯესიკა როსვალი - საქართველოში იყო გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჯერ კიდევ არის გასაკეთებელი, მნიშვნელოვანია, დავინახოთ მათი გზა ევროკავშირისკენ
ჯესიკა როსვალი - საქართველოში იყო გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჯერ კიდევ არის გასაკეთებელი, მნიშვნელოვანია, დავინახოთ მათი გზა ევროკავშირისკენ

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი იყო, ცხადია, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის გაგზავნა შემდგომი რეფორმების საჭიროების ჩათვლით.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ დისკუსია, როგორ გახდეს ევროკავშირი მორგებული მომავალი გამოწვევებზე და შევძლოთ საერთო ენის გამონახვა იმის თაობაზე, რისგან უნდა შედგებოდეს აუცილებელი რეფორმები, რაც ადვილი არ იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვყავდა მოწვეული გაფართოების საკითხებში კომისარი ოლივერ ვარჰეი, რათა წარმოედგინა უკრაინის, მოლდოვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის რეფორმების პროგრესი.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი იყო, ცხადია, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასაკეთებელი, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის გაგზავნა, შემდგომი რეფორმების საჭიროების ჩათვლით. დარწმუნებული ვარ, რომ განახლების შინაარსს ყურადღებით შეისწავლიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და გამოიყენებენ სახელმძღვანელოდ შემდგომი რეფორმებისთვის შემოდგომამდე. როგორც უკვე ვთქვი, გარკვეული პროგრესი იყო საქართველოშიც და მნიშვნელოვანია, დავინახოთ მათი გზა ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ჯესიკა როსვალმა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, სადაც ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი მოხსენება წარადგინა.

ამასთან, ჯესიკა როსვალმა აღნიშნა: „მათ მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი არიან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე, ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს ამ გზაზე“.