„ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ავიაკომპანია კიოლნის მიმართულებით სუბსიდირებულ ფრენებს 29 და 30 ივნისს შეასრულებს
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა, შალვა კიკნაძემ განაცხადა, რომ ავიაკომპანიამ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 29 ივნისს გერმანიის მიმართულებით სუბსიდირებული ფრენები დაამატა.
ამის შესახებ შალვა კიკნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ფრენები ქალაქ კიოლნის მიმართულებით შესრულდება.
„გაფრენა თბილისიდან 29 ივნისს საღამოს 19:00 საათზე მოხდება. ასევე, კიდევ ერთი რეისია 30 ივნისს. გაფრენა თბილისიდან 04:30 საათზე. ორი რეისი, ჯამში არის, დაახლოებით, 300 ადგილი. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ დამატებით ორი ან სამი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს პირველ და 2 ივლისს. საუბარია უკან დასაბრუნებელ ავიარეისებზე“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.