ჯემალ გამახარია - შეუძლებელია, არჩევნები გაიმართოს ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი დევნილია
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შედეგები ბათილია, – ასე შეაფასა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თავმჯდომარემ აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის არჩევნები.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, შეუძლებელია, ნამდვილი არჩევნები გაიმართოს ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი დევნილია.
„გუშინ ჩატარდა ე.წ არჩევნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ეს არჩევნები არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, უკანონო. ომამდე აფხაზეთში იყო 347 ათასი ამომრჩეველი და ამ არჩევნებზე დააფიქსირეს 118 ათასი, ეს მათი ოფიციალური მონაცემებია. როდესაც მოსახლეობის ორი მესამედი არის განდევნილი ამ ტერიტორიიდან, როცა ეს ქვეყანა არის ოკუპირებული და მას მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ამ ვითარებაში რა არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი.
ჩემთვის სულერთი არ არის, ვინ იქნება დე ფაქტო მმართველი. მე ვარ ერთ რამეში დარწმუნებული, რომ აფხაზეთის მიერ არჩეული დე ფაქტო მმართველი არასოდეს წავა რუსეთთან გაერთიანებაზე მაშინ, როდესაც ზემოდან პირდაპირ დანიშნული ადამიანი შეიძლება ამ დანაშაულზე წავიდეს. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვინ იქნება არჩეული ამ უკანონო არჩევნებზე“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.