ჯეიმს ვების კოსმოსი ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაზის გიგანტი, რომელსაც მათ Eps Ind Ab უწოდეს.
კიდევ უფრო ამაღელვებელი ის არის, რომ ეგზოპლანეტა პირდაპირ გადაიღეს, როგორც ცალკეული ერთეული, მის ვარსკვლავზე დაკვირვებებისგან დამოუკიდებლად. ამას გარდა, ის ჯეიმს ვების მიერ გადაღებული პირველი ისეთი ეგზოპლანეტაა, რომელიც ჯერ მიწისპირა ტელესკოპებითაც არ ყოფილა გადაღებული.
ახლად აღმოჩენილი პლანეტა გაცილებით ცივი გაზის გიგანტია, ვიდრე ჯეიმს ვების მიერ ამ დრომდე შესწავლილი სხვა ნებისმიერი. ის სუპერიუპიტერის ტიპის ეგზოპლანეტაა და საკუთარი ვარსკვლავის გარშემო იმ მანძილიდან მოძრაობს, როგორც ნეპტუნი მზისგან.
ამის გამო, ეს აღმოჩენა იშვიათი საგანძურია ეგზოპლანეტებს შორის და შესაძლოა, სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი იყოს ეგზოპლანეტათა მეცნიერებაში.
„გაოცებას ვერ ვმალავდით, როცა გავაცნობიერეთ, რომ ახალი ეგზოპლანეტა გადავიღეთ. ჩვენდა გასაკვირად, ვების ინსტრუმენტ MIRI-ს მიერ გადაღებულ ფოტოებზე არსებული კაშკაშა წერტილი არ ემთხვეოდა იმ პოზიციას, რომელსაც ეგზოპლანეტის შემთხვევაში ველოდით. წინა კვლევებმა ამ სისტემაში პლანეტა სწორად გამოავლინა, მაგრამ სათანადოდ ვერ შეაფასა ამ სუპერიუპიტერი გაზის გიგანტის მასა და ორბიტული დაშორება“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომი ელისაბეთ მათეუსი.
ამ დროისათვის აღმოჩენილი და დადასტურებულია სულ დაახლოებით 5700 ეგზოპლანეტა, ანუ პლანეტები მზის სისტემის მიღმა. თუმცა, მათი დაფიქსირება ძირითადად არაპირდაპირი გზით ხდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, ჩვენ თავად ეგზოპლანეტას ვერ ვხედავთ. ვხედავთ მხოლოდ მის ეფექტებს საკუთარ დედავარსკვლავზე. როცა ეგზოპლანეტა საკუთარ ვარსკვლავსა და ჩვენ შორის ჩაივლის, იწვევს ვარსკვლავის სინათლის ოდნავ ჩაბნელებას, ეგზოპლანეტის მიერ ვარსკვლავზე მოქმედი გრავიტაციული მიზიდვა კი ამ ვარსკვლავის სულ ოდნავ, ადგილზე რხევას განაპირობებს.
მიზეზი, რის გამოც თავად ეგზოპლანეტებს ხშირად ვერ ვხედავთ, ისაა, რომ ისინი ძალიან პატარებია, შორს არიან და ნებისმიერი სინათლე, რომელსაც ისინი შეიძლება აირეკლავდნენ ან გამოყოფდნენ, ძლიერ მცირეა.
არაპირდაპირი დაფიქსირების მეთოდიც უფრო დიდ ეგზოპლანეტებს სწყალობს; ასევე საკუთარი ვარსკვლავთან ძლიერ ახლოს მყოფ პლანეტებსაც, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტია შანსი, რომ ეგზოპლანეტამ თავის ვარსკვლავის წინ ჩაიაროს და თანაც უფრო ხშირად, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე დაკვირვების შანსიც გაცილებით უფრო მაღალია.
თუმცა, ვარსკვლავისგან შორს მყოფ პლანეტათა შემთხვევაში, უფრო მაღალია მათი პირდაპირ დაფიქსირების შანსი, რადგან დიდი მანძილი ნიშნავს ნაკლებ შანსს იმისა, რომ მისი სინათლე მთლიანად ვარსკვლავის სინათლემ გადაფაროს. ეს კი საკმაოდ რთული საქმეა — ამ დროისთვის, პირდაპირ მხოლოდ 25 ეგზოპლანეტაა გადაღებული, მაგრამ ეს მეთოდი დიდად გვეხმარება, რომ უფრო მეტი რამ შევიტყოთ იმ უცხო პლანეტათა შორეული მისადგომების შესახებ, რომელთა შესწავლაც სხვაგვარად შეუძლებელია.
Eps Ind Ab-ს დედავარსკვლავი, სახელად Epsilon Indi A, ჩვენგან დაახლოებით 12 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს ნარინჯისფერ ჯუჯა ვარსკვლავს, რომელიც სამვარსკვლავიან სისტემაში შედის. გრძელვადიან დაკვირვებებში ასტრონომებმა შენიშნეს, რომ Epsilon Indi A ცოტა უცნაურად იქცევა. ისე ჩანდა, რომ ის რაღაც გრავიტაციული მიზიდვის გავლენის ქვეშ მოძრაობს, თანაც არა მხოლოდ სისტემის ორი სხვა ვარსკვლავის, არამედ გიგანტური პლანეტის, რომელიც მას უვლიდა გარშემო.
დადგინდა ამ სავარაუდო ეგზოპლანეტის მახასიათებლებიც, მაგრამ დამატებითი მონაცემების გარეშე, მისი იდენტობა მაინც მოუხელთებელი რჩებოდა.
ეს უკვე ჯეიმს ვების საქმეა. ამ ინფრაწითელ ტელესკოპს ისეთი მკრთალი სინათლის დაფიქსირება შეუძლია, რაც არცერთ სხვა ტელესკოპს არ ძალუძს, მათ შორის, აქვს კორონოგრაფიც, რომელიც დედავარსკვლავის სინათლეს ბლოკავს. ამიტომ, მათეუსმა და მისმა კოლეგებმა Epsilon Indi A-ზე დაკვირვებისთვის ტელესკოპზე დრო დაჯავშნეს.
მართლაც, ვარსკვლავის ორბიტულ სივრცეში მათ კაშკაშა წერტილი დააფიქსირეს. თუმცა, ის სულა არ იყო იქ, სადაც მათი აზრით უნდა ყოფილიყო.
„მონაცემებში აღმოვაჩინეთ სიგნალი, რომელიც მოსალოდნელ ეგზოპლანეტას არ ემთხვეოდა. თუმცა, პლანეტა მაინც ისე ჩანდა, რომ ის გიგანტური უნდა ყოფილიყო“, — ამბობს მათეუსი.
დაკვირვებებსა და საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ ეს წერტილი ნამდვილად ეგზოპლანეტა იყო და არა რაიმე სხვა ობიექტი. ის ძლიერ ცივი გაზის გიგანტი ჩანს. დედავარსკვლავ Epsilon Indi A-ს გარშემო 28 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს და ერთ შემოვლას დაახლოებით 200 წელიწადს ანდომებს. შედარებისათვის — ნეპტუნი მზისგან დაახლოებით 30 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული.
წინა შეფასებებით, ეს პლანეტა იუპიტერზე სამჯერ მასიური უნდა ყოფილიყო, თანაც ვარსკვლავიდან 8,8 ასტრონომიულ ერთეულზე. ასეთი დიდი სხვაობა მოსალოდნელსა და რეალობას შორის კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რამდენად ღირებულია უცხო პლანეტების პირდაპირი ვიზუალიზაცია.
Eps Ind Ab-ის კვლევა ამით არ დასრულებულა. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ამ პლანეტაზე უფრო მეტ დაკვირვებას შეძლებენ, რაც გვეტყვის, როგორია მისი ატმოსფეროს შემადგენლობა და დააზუსტებს მის ორბიტასაც.
„ასეთი კვლევები ერთგვარი ბაზისია, რათა უკეთესად გავიგოთ, როგორ წარმოიქმნებიან და ვითარდებიან გაზის გიგანტი პლანეტები“, — ამბობს მათეუსი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია mpia.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.