ჯეიმს ო'ბრაიენი - მოსკოვი ფრონტის გაფართოებას თუ შეეცდება, უკრაინას უფრო დიდ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა
მოსკოვი თუ ფრონტის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფრო დიდ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.
კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას კინმა ო’ბრაიენს კითხვა დაუსვა, თუ რამდენი რუსული საჰაერო ბაზაა იმ ტერიტორიებზე, რომლებზე დარტყმაშიც უკრაინას აშშ-ის ადმინისტრაცია ხელს უშლის.
„მოსკოვი თუ ფრონტის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფრო დიდ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა“, – განაცხადა შეკითხვის საპასუხოდ ჯეიმს ო’ბრაიენმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ კიევის მიერ საზღვართან რუსული შესაძლებლობების განადგურებით მოსკოვი თავდასხმის უნარს კარგავს. მისივე თქმით, აშშ-ის პრიორიტეტი იყო იარაღის მიწოდება და მათი განლაგება „გადაუდებელი საჭიროების ადგილებში“.
ო’ბრაიენის განცხადებით, თავიდან ეს იყო ტერიტორია, სადაც რუსეთი ხარკოვის მახლობლად შეტევას ახორციელებდა.