სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ოფიციალური პეკინი ბალისტიკურ რაკეტებს მეზობელი ქვეყნების დაშინების მიზნით ათავსებს. ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა გააკეთა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები წლებია ცდილობს, ჩინეთთან კონსტრუქციული დიალოგის გზით შედეგს მიაღწიოს, თუმცა ამაოდ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი საპირისპიროს ამტკიცებს, სადავო წყლებში სამხედრო სისტემების, მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების განთავსება არის დასტური იმისა, რომ ჩინეთის მიზანია, დააშინოს მეზობელი სახელმწიფოები“, – განაცხადა ჯეიმს მეტისმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ოფიციალური ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. იგი პირისპირ შეხვდა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრს, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს.
ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, რომ 12 ივნისს სინგაპურში ჩანიშნული აუდიენციის ფარგლებში, სადაც დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდება, განხილვის მთავარი თემა ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერება იქნება.