ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებამ FBI-ის მიმართ ნდობა დაკარგა, რამაც ფედერალური ბიუროს რეპუტაცია დააზარალა.
„ბოლო თვეებში ხალხმა დაკარგა ნდობა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიმართ. ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, ისინიც კი, ვისაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია“, – განაცხადა კომიმ ინტერვიუში.
ჯეიმს კომი 2017 წლის 9 მაისს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თანამდებობიდან დათხოვის შესახებ განცხადება აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა გაავრცელა, რომელმაც მიზეზად კომის, როგორც მენეჯერის, უუნარობა დაასახელა.
ჯეიმს კომი ამტკიცებს, რომ იგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს შეეწირა, მისი გათავისუფლება კი უშუალოდ პრეზიდენტის პირად ინტერესებში შედიოდა.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილმა დირექტორმა დონალდ ტრამპის შესახებ წიგნი დაწერა, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. წიგნს „უმაღლესი ერთგულება, სიმართლე, სიცრუე და ლიდერობა” ჰქვია. სქელტანიანი მემუარები პრეზიდენტ ტრამპთან თანამშრომლობის დეტალებსა და პირად საუბრებს აღწერს.
აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს 2017 წლის აგვისტოდან დამოუკიდებელი პროკურორი რობერტ მიულერი და აშშ-ის ფედერალური ბიურო იძიებს.