ჯეიმს კლევერლი - ვგეგმავთ, დავეხმაროთ საქართველოს კიბერთავდასხმებისგან თავდაცვაში, გააგრძელოს ის, რაც დიდ ბრიტანეთს მიაჩნია სწორ გზად ევროკავშირთან და ნატო-სთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებისთვის
ჩვენ ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს კიბერთავდასხმებისგან თავდაცვაში და გააგრძელოს ის, რაც დიდ ბრიტანეთს მიაჩნია სწორ გზად ევროპასთან, ევროკავშირთან და ასევე ნატო-სთან უფრო მჭიდრო სამუშაო ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, ბრიტანეთმა გამოაცხადა დამატებითი დაფინანსების შესახებ საქართველოსა და მოლდოვისთვის მათი მედეგობის გასაძლიერებლად, რა კონკრეტული საფრთხეების წინაშე დგას ახლა საქართველო და რა სახის მხარდაჭერის გაძლიერება შეუძლიათ ნატო-ს წევრებს, კერძოდ, დიდ ბრიტანეთს, ჯეიმს კლევერლიმ აღნიშნა: „ის, რისი მხარდაჭერასაც ჩვენ ვცდილობთ, არის თავისუფალი და ღია მედია, ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რომ შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებელი ინსტიტუტები“.
„მე ახლახან დავბრუნდი დასახლებიდან, რომელიც შუაზეა გაყოფილი, ველის ერთ მხარეს რუსული ჯარი დგას და ორი მხარის დამაკავშირებელი გზა ბლოკირებულია. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიხილოთ რუსული ჯარის ფიზიკური ყოფნა აქ, საქართველოში. ახლა ჩვენ არ ვხედავთ აქ ისეთი მასშტაბის კონფლიქტს, როგორსაც გასულ წლებში ვხედავდით, თუმცა ვაღიარებ, რომ საქართველო მუდმივად არის თავდასხმების ქვეშ აგრესიის ჰიბრიდული ფორმებით. ვიცით, რომ იყო კიბერთავდასხმები და ვისწრაფვით, მხარი დავუჭიროთ საქართველოს კიბერთავდასხმებისგან თავდაცვაში. ვიცით, საქართველოში ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, იყო პოლიტიკური გარემოს დამახინჯების მცდელობები, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა. ასე რომ, ის, რის მხარდაჭერასაც ვცდილობთ, არის თავისუფალი და ღია მედია, ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რომ შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ჩვენ ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, დავეხმაროთ საქართველოს კიბერთავდასხმებისგან თავდაცვაში და გააგრძელოს ის, რაც დიდ ბრიტანეთს მიაჩნია სწორ გზად ევროპასთან, ევროკავშირთან და ასევე ნატო-სთან უფრო მჭიდრო სამუშაო ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.