ჯეიმს კლევერლი - ვაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის ხელშეკრულება
ვაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯეიმს კლევერლიმ ილია დარჩიაშვილს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი მიღება გამიმართეთ საქართველოში. ჩვენ გვქონდა საშუალება, შევხვედროდით მთელ რიგ შემთხვევებში და რეგულარულად ვსაუბრობდით. ბოლო დროს მქონდა შესაძლებლობა, მემასპინძლა თქვენთვის ლონდონში, უორდროპის დიალოგის ჩარჩოებში, მაგრამ ეს პირველი შესაძლებლობაა, საქართველოში ჩამოვსულიყავი. ძალიან თბილად მიმიღეს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. საქართველო გაერთიანებული სამეფოსთვის დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი იყო. ჩვენს ქვეყნებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მყარი ურთიერთობები აქვთ, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობები, გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის ხანგრძლივი პერიოდი და მივიღეთ მაქსიმალური სარგებელი ჩვენი ისტორიული კავშირებიდან.
მახსოვს 1987 წელს იმ დროის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი თქვენს ქვეყანაში. ოთხი წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა და თქვენი სურვილი, მისწრაფება თავისუფლებისკენ, თვითგამორკვევისკენ იმ დროსაც კი ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო გაძლიერდა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, სრული უარყოფა საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის, ნამდვილად არ არის თქვენთვის შოკისმომგვრელი. 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიამ და მისმა გაგრძელებულმა ყოფნამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, ოჯახები, შეზღუდა წვდომა წინაპრების მიწასა და წმინდა რელიგიურ ადგილებზე.
ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილები და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.