ჯეიმს კლევერლი - ვაღიარებთ, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ბევრად მარტივია, ვიყოთ უფრო აქტიურები, აღმოვუჩინოთ სამხედრო დახმარება უკრაინას, ყველა ქვეყანას ეს არ შეუძლია
ვაღიარებთ, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ბევრად მარტივია, ვიყოთ უფრო აქტიურები, აღმოვუჩინოთ სამხედრო დახმარება უკრაინას, ყველა ქვეყანას ეს არ შეუძლია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში ვიზიტის დასრულებისას, თბილისის აეროპორტში ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჯეიმს კლევერლიმ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისაუბრა იმ ქმედებებზე, რომლებიც საქართველომ უკვე გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად.
„საქართველომ შეიფარა უკრაინელი ლტოლვილების, რომლებიც დევნას გაურბიან. მე მესმის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება საქართველოსა და ქართველებზე მოსკოვის მხრიდან, რომ უფრო რთული გახადოს ვითარება ქვეყნისთვის, რომელმაც უკვე ნახა რუსული ჯარი საკუთარ ტერიტორიაზე და რომელიც ხედავს რუსეთის ჩარევას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალური, რაც შეუძლიათ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, ქართველებმა თავად კარგად იციან, თუ როგორია რუსეთის აგრესიის პირისპირ ყოფნა. თუმცა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, ჩვენთვის ბევრად მარტივია, ვიყოთ უფრო აქტიურები, აღმოვუჩინოთ სამხედრო დახმარება, ყველა ქვეყანას ეს არ შეუძლია. ჩვენ ვიკვლევთ, რამდენის გაკეთება შეუძლია ქვეყნებს, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
მისივე თქმით, საქართველოს ინტერესებში შედის და მთავრობა ამას უპირობოდ აღიარებს, რომ პრინციპები, როგორებიცაა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, გაერო-ს ქარტია დაცული უნდა იყოს, რადგან საქართველომ გამოცადა თავის ტერიტორიაზე ინტერვენცია, თავისი სუვერენიტეტის შელახვა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, რათა ვნახოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ქართველების დასაცავად და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.