ჯეიმს კლევერლი - გულითადად მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც სანქციებთან, ისე დევნილების მიღებასთან დაკავშირებით
გულითადად მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც სანქციებთან, ისე დევნილების მიღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მსგავსად, ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საკუთარი ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად.
„ჩვენ გულითადად მივესალმებით საქართველოს გულუხვ და პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, სანქციებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებას, რომლებიც იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ ოჯახები რუსული აგრესიის გამო. უკრაინის მსგავსად, ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საკუთარი ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი. ვაგრძელებთ მხარდაჭერას თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი შემუშავებულია საქართველოსთვის და 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად, იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში“, – აღნიშნა კლევერლიმ.