ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს სამიტის კომუნიკეში ბევრი რამ არის ნათქვამი საქართველოს შესახებ, რითაც ქართველები კმაყოფილი უნდა იყვნენ
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები კმაყოფილი უნდა იყვნენ ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნითი დოკუმენტით, რადგან მასში საქართველოს შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის ნათქვამი.
მისივე თქმით, კომუნიკე იმეორებს ბუქარესტის სამიტის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ასევე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას უკავშირდება.
„ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში ბევრი რამ არის ნათქვამი საქართველოს შესახებ, რითაც ქართველები კმაყოფილი უნდა იყვნენ. პირველ რიგში, კომუნიკე იმეორებს ბუქარესტის სამიტის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მეორე გადაწყვეტილება უკავშირდება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რომელიც გაძლიერებას საჭიროებს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
როგორც აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მუშაობენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რათა გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა, რომ ისინი უფრო აქტიურად მოემზადონ წევრობისთვის.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, უზრუნველვყოთ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურთ, რომ ეს ქვეყნები მოემზადონ წევრობისთვის. ახლა, ვემზადებით დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის, ასევე მადრიდში მომავალ წლის ნატო-ს სამიტისთვის. ჩვენ ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებზე ვმუშაობთ, რათა გავაძლიეროთ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა, რომ ისინი უფრო აქტიურად მოემზადონ წევრობისთვის ჩვენი მხარდაჭერით. ეს მეორე ელემენტია.
მესამე ელემენტია შავი ზღვის თემა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სიტუაცია გაუარესებულია როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოსა და უკრაინისთვის. ასე რომ, აუცილებლად იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ, რათა შავი ზღვის საკითხზე თანამშრომლობა გავაღრმავოთ. კომუნიკე ასევე შეიცავს ძალიან ხისტ გზავნილებს რუსეთის თემაზე, რომლითაც ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთი სამეზობლოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს და ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ ხდება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის და ქართველებმა სამოქმედო გეგმა არ უნდა აღიქვან დაბრკოლებად, არამედ ეს პოლიტიკური ნაბიჯია.
„პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი არის წევრობის სამოქმედო გეგმა, როგორც ეს გაწერილია ნატო-ს ყველა დოკუმენტში და თუ პოლიტიკა არ შეიცვლება, MAP-ი არის საჭირო ნაბიჯი, მაგრამ ასევე ჩვენთვის, ვინც ამ საკითხებზე ვმუშაობთ ცხადია, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ გვაქვს წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ყველაფერი რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის სჭირდება, ქვეყანას უკვე აქვს და ეს ინსტრუმენტები მოქმედებს. წევრობის სამოქმედო გეგმა გადაიქცა იმად, რისთვისაც ის რეალურად არ იყო განკუთვნილი. MAP-ი იყო პრაქტიკული ინსტრუმენტი, თუმცა ახლა ის გადავიდა პოლიტიკურ განზომილებაში. ქართველებმა წევრობის სამოქმედო გეგმა არ უნდა აღიქვან დაბრკოლებად. ეს პოლიტიკური ნაბიჯია. ყველაფერი, რაც საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად გვჭირდება, უკვე გვაქვს და MAP-ის ხიდზე გადავალთ, მაშინ, როდესაც მასთან მივალთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.