ჯეიმს აპატურაი - არ არის რეალისტური, საქართველოს ნატო-ში მეხუთე მუხლის გარეშე გაწევრიანებაზე ვიმსჯელოთ
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის წინაღობა არ არის, თუმცა სირთულეს წარმოადგენს.
ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ ამერიკული „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული კომპრომისით შეიძლება დათანხმდეს.
საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეხუთე მუხლის დროებით ამოქმედების გარეშე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე.
აპატურაის თქმით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას.
„ვერ ვიტყვი, რომ ეს არის წინაღობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სირთულე. ეს არის პოლიტიკური საკითხი. თუმცა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას, ქართულ რეფორმებს, საქართველოს მისწრაფებას და არაერთხელ ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. რუსეთი წლებია, საქართველოს ტერიტორიებზე იმყოფება და ამ სირთულეების ცოდნის ფონზე, ნატო აცხადებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასე რომ, ეს სირთულე ნამდვილად არის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ამასთან, აპატურაის თქმით, ნატო-ს სახელმწიფოებს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილ საკითხზე არ უმსჯელიათ.
მისი მოსაზრებით, არ არის რეალისტური, ვიმსჯელოთ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე ან მისი ნაწილობრივი ამოქმედების პირობით გაწევრიანებაზე.
„უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილ საკითხზე არ უმსჯელია.
შემიძლია, ჩემი მოსაზრება გითხრათ და საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. გულწრფელად რომ გითხრათ, არ არის სასარგებლო და რეალისტური, ვიმსჯელოთ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე ან მისი ნაწილობრივი ამოქმედების პირობით გაწევრიანებაზე. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება შეიცავს და დაკავშირებულია სირთულეებთან, ძალიან ბევრ შესაძლო სირთულესთან.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არ არის რეალისტური ხალხმა ამ თემაზე იფიქროს და იმსჯელოს. ალიანსის წევრი ქვეყნების ყურადღება კონცენტრირებულია ქართული რეფორმების მხარდაჭერაზე. ეს არის საკითხი, რაზეც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს კონსენსუსი მიღწეული აქვთ. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიმართ პატივისცემის მიუხედავად, არ არის კარგი იდეა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ გაჩნდეს ამ სცენარის ირგვლივ მოლოდინი საზოგადოებაში“, – აცხადებს აპატურაი.
მისივე მოსაზრებით, ამ სცენარის შემთხვევაში ძალიან მარტივი იქნება პროვოკაციების და კონფლიქტის გაღვივების შესაძლებლობა.
„არ ვფიქრობ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მზად იყვნენ, ამ რისკისთვის და დესტაბილიზაციის შექმნის საშიშროებისთვის. ექსპერტები ისტორიულ მაგალითებზეც საუბრობენ. ერთადერთ მაგალითად შეიძლება ცივი ომისდროინდელი გერმანია მოვიყვანოთ. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს სრულიად განსხვავებული შემთხვევა და სცენარი იყო.
ალიანსმა მაშინ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად იყო გერმანიის იმ ნაწილის დასაცავად, რომელიც ნატო-ში იყო გაწევრიანებული საომარ მოქმედებებში ჩართულიყო. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილი სცენარს და ცივი ომის დროინდელ გერმანიას შორის პარალელს ვერ გავავლებთ. ეს განსხვავებული სცენარია“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქისგან 2 მარტით დათარიღებული მათი წერილის პასუხი მიიღეს, რომლითაც მიმართეს თხოვნით, დახმარება გაეწიათ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში. რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში გადასცემენ ოჯახს. ტატუნაშვილის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გადასცემენ.