ჯეიმს აპატურაი - 2020 წლის არჩევნები იქნება დემონსტრირება, რომ აღმოფხვრილია პრობლემები, ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება დემონსტრირება, რომ პრობლემები, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნებზე შეშფოთება გამოითქვა, აღმოფხვრილია, ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე ეუთო-ს საბოლოო შეფასება პოზიტიური იყო. ამასთან, როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ნატო ყურადღებით დააკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, რამდენად დააკმაყოფილებს ქვეყანა ალიანსის დემოკრატიულ სტანდარტებს.
„მინდა, აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. არჩევნების შესახებ ეუთო-ს საერთო შეფასებას ჰქონდა ბევრი პოზიტიური ასპექტი. მათ გამოთქვეს შეშფოთებაც, მაგრამ საერთო შეფასება იყო პოზიტიური. როგორც უკვე გითხარით, 2020 წლის არჩევნები იქნება დემონსტრირება, რომ მიზეზები, რის გამოც გამოითქვა შეშფოთება, მოხსნილია. ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.
ნატო ამ პროცესს ყურადღებით დააკვირდება ორი მიზეზის გამო. ჩვენ გვაქვს წლიური ეროვნული პროგრამა, რომლის ნაწილიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს არის პროცედურული ასპექტი. ჩვენ გვაქვს აღებული პასუხიმგებლობა და ამას გავაკეთებთ. არის პოლიტიკური ასპექტიც. ქვეყანამ, რომელიც მიიწევს ორგანიზაციის წევრობისკენ, უნდა დააკმაყოფილოს ნატოს დემოკრატიული სტანდარტები. საქართველო ატარებს რეფორმებს და პროგრესს ნატო აღიარებს. საქართველო ატარებს რეფორმებს, პირველ რიგში, ქვეყნის სასარგებლოდ, ქვეყნის მომავლისთვის და მომავალი წევრობისთვის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ამასთან, როგორც აპატურაიმ აღნიშნა, საქართველოს ინტერესშია, ქვეყანაში ახალი კლიმატი შეიქმნას, დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი და შემცირდეს პოლარიზება.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისგან მიიღო დაპირება, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვის მიუხედავად, ყველაფერს კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთებს.
„გრიგოლ ვაშაძესთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. მის მიმართ ჩემი გზავნილი იყო იგივე, რა გზავნილიც მაქვს ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ. გარემო პოლარიზებულია, პოლარიზებული იყო წინასაარჩევნო პერიოდი, ეს ყველამ იცის, რომ იყო ნეგატიური. ამას მარტო მე არ ვამბობ. ეს განაცხადეს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ახლა საქართველოს ინტერესებშია, რომ ქვეყანაში ახალი კლიმატი შეიქმნას, დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი და შემცირდეს პოლარიზება.
გრიგოლ ვაშაძემ დამარწმუნა, რომ მისი მხრიდან არჩევნების წარმართვაზე შეშფოთების მიუხედავად, ყველაფერს კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთებს. მოხარული და მადლიერი ვიყავი ამის მოსმენით“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
როგორც მან პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, არჩეულმა პრეზიდენტმა პოლარიზებული გარემოს შეცვლა და პოლიტიკური დიალოგი მთავარ მიზნად დაასახელა, რითაც აპატურაი მოხარულია.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია 2020 წელს და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმის დემონსტრირებისთვის, რომ მოხდეს რეკომენდაციების გათვალისწინება და წარიმართოს პოლიტიკური დიალოგი. პასუხიმგებლობა ეკისრება ყველა პოლიტიკური ძალას.
რაც შეეხება დემონსტრაციებს, დემონსტრაციები იმართება ჩემს ქვეყანაშიც. ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩემი საქმე არ არის ვთქვა, რომ ვინმემ საქართველოში საპროტესტო აქცია არ გამართოს. მნიშვნელოვანია, ყველა ნაბიჯი კონსტიტუციის ფარგლებში იყოს მოქცეული. რა გზავნილს გაუგზავნის საქართველო მომდევნო თვეების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზავნილის ნაწილია, პოლიტიკური დიალოგის წარმართვა მშვიდობიან ფორმებში. ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს აქვთ საქართველოში საელჩობი. ისინი ამ პროცესს ყურადღებით მიადევნებენ თვალს, პროცესებს დააკვირდება ნატო ბრიუსელიდან“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.