ჯეიჰუნ ბაირამოვი - ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებებზე სამშვიდობო შეთანხმების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით თანხმობა იქნა მიღწეული
ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს სამშვიდობო შეთანხმების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით თანხმობა იქნა მიღწეული. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის მთავარმა დიპლომატმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განუცხადა.
როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, სომხური მხარე ბოლო პერიოდში შეხვედრებს ბოიკოტს უცხადებდა, რის გამოც დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში შეხვედრები არ იმართებოდა.
ბაირამოვის თქმით, სომხეთი მოლაპარაკებების მაგიდას აშშ-ის შუამავლობით დაუბრუნდა.
„ოთხი დღის განმავლობაში ვაშინგტონში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ინტენსიური განხილვები სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამან მოიცვა რიგი პუნქტები, მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სრულ თანხმობაზე, მხარეთა პოზიციებს შორის საკმაოდ ბევრი განსხვავებაა, თუმცა ამ მოლაპარაკებებზე მიღწეულ იქნა თანხმობა სამშვიდობო შეთანხმების გარკვეულ პუნქტებზე. ჩვენ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ამ პროცესს რეალისტურად უნდა მოვუდგეთ. რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნებოდა, ყველა საკითხის ერთ შეხვედრაზე შეთანხმება, თუმცა ამისთვის მზადყოფნა ჯერ არ არის. აზერბაიჯანი მუდმივად ადასტურებს თავის ერთგულებას სამშვიდობო პროცესის მიმართ“, – განაცხადა ბაირამოვმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ში სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები გაიმართა.