ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ისრაელს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ღაზაში
ისრაელს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ღაზაში, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანმა სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რთულ კითხვებს უსვამს ისრაელს, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე და ტერორისტებსა და უდანაშაულო მოქალაქეებს შორის განსხვავებაზე.
„ჩვენ გვჯერა, რომ ამ სამხედრო ოპერაციის ყოველ საათში, ყოველ დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ისრაელის მთავრობამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა განასხვავოს მშვიდობიანი მოსახლეობა „ჰამასის“ ტერორისტებისგან, რომლებიც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები არიან“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ამასთან, სალივანმა აღნიშნა: „ომი, რა თქმა უნდა, ძალზე არაპროგნოზირებადია, ამიტომ ძნელია პროგნოზირება, როგორ განვითარდება ის, თუმცა ვიტყვი, რომ ისრაელს თავს დაესხნენ და ისინი იღებენ ნაბიჯებს იმ ტერორისტების გასანადგურებლად, რომლებმაც დაარტყეს. ისინი ამას აკეთებდნენ ჰაერიდან, ახლა აკეთებენ ამას ადგილზე. „ჰამასი“ სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც განახორციელა თავდასხმა, იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან, რაც დამატებითი ტვირთია ისრაელისთვის, რომ განასხვავოს ტერორისტები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები. მაგრამ ეს არ ამცირებს მათ პასუხისმგებლობას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონების მიხედვით გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“.