ჯეიკ სალივანი - „ვაგნერი“ ამჟამად უკრაინაში არ იბრძვის, რაც ნიშნავს, რომ ბრძოლას გამოეთიშა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი კადრი, ეს რუსეთს გარკვეული საფასური დაუჯდება
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ამჟამად უკრაინაში არ იბრძვის. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
სალივანის თქმით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ძალა დაკარგა.
„ვერ გაგცემთ მკაფიო პასუხს, სად არის „ვაგნერის“ მომავალი, აქ თუ იქ. ვიტყვი შემდეგს, ამჟამად „ვაგნერი“ არ იბრძვის უკრაინაში. „ვაგნერის“ ელემენტები, ფაქტობრივად, გადავიდნენ ბელარუსში. სხვა ელემენტები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შორს აპირებენ წასვლას. „ვაგნერის“, როგორც საბრძოლო ძალის დაკარგვა ნიშნავს, რომ ბრძოლას გამოეთიშა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი კადრი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმ მოკრძალებულ პროგრესზე, რასაც რუსეთმა მიაღწია თავისი ბოლო კონტრშეტევისას. ასე რომ, ეს რუსეთს გარკვეული საფასური დაუჯდება“, – განაცხადა სალივანმა.
გასულ კვირას „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრგოჟინმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მისი მებრძოლები აღარ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის ომში. ამასთან, პრიგოჟინმა „ვაგნერის“ წევრებს მოუწოდა აფრიკისთვის ძალების მობილიზებისკენ.