ჯეიკ სალივანი - კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი იქნება
კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი იქნება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
სალივანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთგულია ორპარტიული თანამშრომლობისთვის „ნებისმიერი სცენარის მიხედვით“, რათა შენარჩუნდეს ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება.
სალივანის განცხადების შემდეგ, პენტაგონმა უკრაინისთვის დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„აშშ აპირებს უკრაინის გვერდით იმდენ ხანს იყოს, რამდენიც დასჭირდება ამ ბრძოლაში. მერყეობა არ იქნება. ჩვენ ვაღიარებთ საჰაერო თავდაცვის მწვავე აუცილებლობას ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც რუსეთი და რუსული ძალები რაკეტებს და ირანულ თვითმფრინავებს უშვებენ ამ ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს ომი შეიძლება, ძალიან მარტივად დასრულდეს. რუსეთმა აირჩია მისი დაწყება, რუსეთს შეუძლია მისი დასრულება უკრაინაზე თავდასხმის შეწყვეტით, უკრაინის ოკუპაციის შეწყვეტით და ეს არის ზუსტად ის, რაც მან უნდა გააკეთოს, ჩვენი გადმოსახედიდან“, – თქვა ჯეიკ სალივანმა.