ჯეიკ სალივანი - ირანი რუსეთისთვის დრონების მიყიდვით, შესაძლოა, სამხედრო დანაშაულების ჩადენას უწყობდეს ხელს
უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების მიყიდვით, ირანი, შესაძლოა, სამხედრო დანაშაულების ჩადენას უწყობდეს ხელს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„მათი იარაღი გამოიყენება უკრაინაში მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობისთვის და იმისთვის, რომ ქალაქები სიცივემ და სიბნელემ მოიცვას, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, ირანს აყენებს მდგომარეობაში, როდესაც ის პოტენციურად, შესაძლოა, ხელს უწყობდეს მასშტაბური სამხედრო დანაშაულების ჩადენას“, – განუცხადა სალივანმა მედიას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 500-მდე ირანული კამიკაძე-დრონი გაანადგურეს.
სალივანის თქმით, ირანის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული ბოლო სანქციები აჩვენებს, რომ მოკავშირეები ცდილობენ, თეირანის მიერ რუსეთისთვის დრონების გადაცემა უფრო რთული გახადონ.