ჯეიკ სალივანი - აშშ-ის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას „შედეგები მოჰყვება“
აშშ-ის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა, რომ თუ კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას „შედეგები მოჰყვება“, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ რუსეთს განვუცხადეთ, რომ ის, რაც მათ პატიმრობაში მყოფ ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით ხდება, მათი პასუხისმგებლობაა და ისინი პასუხს აგებენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, – თქვა სალივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სხვადასხვა ზომას განიხილავს, რომლის შესახებ საჯარო საუბარი ჯერ ნაადრევია.
რუსი ოპოზიციონერის ექიმი ამბობს, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ალექსეი ნავალნი მესამე კვირაა, შიმშილობს და სათანადო სამედიცინო დახმარებას ითხოვს. ნავალნის ექიმების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე, რუსი ოპოზიციონერი შესაძლოა, დაიღუპოს.