ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს 
ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს 

აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარდაჭერის ახალი პაკეტი მოიცავს საზენიტო სარაკეტო სისტემა „ჰავკის“ რაკეტებს და ოთხ ერთეულ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „ევენჯერს“, რომლებიც აღჭურვილია გადასატანი საზენიტო რაკეტა „სტინგერებით“.

როგორც სალივანმა განაცხადა, დახმარების ახალი პაკეტი შეავსებს იმ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინას მოკავშირეებმა უკვე გადასცეს.

„ერთი კვირაც არ გასულა, რაც მე კიევში გახლდით და მქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან ერთად მემსჯელა, რა სჭირდება უკრაინას, რომ რაც შეიძლება ძლიერი პოზიციები ჰქონდეს ბრძოლის ველზე. საჰაერო თავდაცვის სიტემის გაძლიერება არსებით როლს თამაშობს უკრაინისთვის იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ფრთოსან რაკეტებსა და დრონებს იყენებს კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა სალივანმა.

პენტაგონში განაცხადეს, რომ სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის ღირებულება 400 მილიონი დოლარი იქნება. ბოლოს აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება ოქტომბრის ბოლოს გამოუყო.