ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ დამატებით იერიშებს გეგმავს
ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ დამატებით იერიშებს გეგმავს

აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ დამატებით დარტყმებს გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის განმარტებით, აშშ-ის ძალები გეგმავენ დამატებით იერიშებს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, იორდანიის ბაზაზე გასულ კვირას განხორციელებულ დარტყმაზე საპასუხოდ.

„ჩვენ ვაპირებთ, მივიტანოთ დამატებითი დარტყმები და ვიმოქმედოთ, რათა გავაგრძელოთ მკაფიო გზავნილის გაგზავნა, რომ აშშ აუცილებლად უპასუხებს, როდესაც ჩვენს ძალებს თავს დაესხმებიან, როცა ჩვენი ხალხი დაიღუპება. რაც პარასკევს მოხდა, იყო ჩვენი პასუხის დასაწყისი და არა დასასრული. იქნება კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი – ზოგი უკვე ნანახი, ზოგი ალბათ ისეთი, როგორიც არ უნახავთ, თუმცა მე ამას არ ვუწოდებ რაღაც ღია სამხედრო კამპანიას“, – განაცხადა სალივანმა NBC-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. აშშ-ის შეფასებით, დრონი, რომლითაც დარტყმა განხორციელდა, ირანული წარმოების იყო. ამის შემდეგ აშშ-ის ძალებმა იერიშები მიიტანეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების 85 სამიზნეზე, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაიღუპა.