ჯეიჰუნ ბაირამოვი - გუშინ სასიამოვნო თამაში ვნახეთ, დღეს, როდესაც თბილისში ჩამოვედი, ყველგან ეს ატმოსფერო იგრძნობოდა, მინდა, მოგილოცოთ, ბატონო მინისტრო, თქვენ და ქართველ ხალხს
საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ ხალხს და თავის კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ევრო-2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელი გამარჯვება მიულოცა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს ისტორიული მიღწევები აქვს.
„პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის საქართველოში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენი ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა და მას უფრო მიმზიდველს ხდის. ამ დღეების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ, პირველი ისტორიული გამარჯვება ის იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, პირველად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, გუშინ კი ჩვენ არაჩვეულებრივი შედეგი ვიხილეთ, როდესაც საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ძალიან სასიამოვნო თამაში ვნახეთ. დღეს, როდესაც თბილისში ჩამოვედი, აეროპორტიდან დაწყებული ქალაქამდე, ყველგან ეს ატმოსფერო იგრძნობოდა. მინდა, მოგილოცოთ, ბატონო მინისტრო, თქვენ და ქართველ ხალხს“, – განაცხადა ჯეიჰუინ ბაირამოვმა.