ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარტნიორულმა ურთიერთობებმა მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ისეთი პროექტები, რომელთა მნიშვნელობაც რეგიონულ მასშტაბს ცდება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, პოლიტიკურ ენაზე რომ ვთქვათ, ურთიერთობები მჭიდროდ პარტნიორულ ხასიათს ატარებს, უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს არის მეგობრობა, კეთილმეზობლობა, რომლის ფესვებიც წარსულიდან მოდის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს პირველ არხს თურქეთში განუცხადა.
როგორც ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთდროულად მიაღწიეს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ამ პერიოდში ძალიან ღირსეული გზა გაიარეს.
„დღეს რეგიონი, არამხოლოდ ვიწრო კავკასიური, არამედ უფრო ფართო გაგებით ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს რეგიონში ასევე გავიარეთ ომები, რთული დროები და ვფიქრობ, აზერბაიჯანი და საქართველო, ყოველთვის ღირსეულად უმკლავდებოდნენ რთულ დროს, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის დასაყრდენი ვიყავით. ეს კარგად ახსოვთ საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც. დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც ჩვენი სახელმწიფოები არ იყვნენ ასეთი გამოცდილები, ჩვენ შევძელით ღირსეულად გამოვსულიყავით ყველა გამოცდიდან. ვისურვებდი, პირველ რიგში ჩვენი ხალხებისთვის და ბუნებრივია, რეგიონში ყველა სახელმწიფოსთვის, რომ განსაცდელი ნაკლები გქონდეს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვაქვს იმის რწმენა, რომ დღეს, როდესაც უკვე საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გაქვს, ნებისმიერი ვითარებიდან ღირსეულად გამოვალთ, ერთიანი ფრონტით, კოორდინირებული მოქმედებებით. ის პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც უკვე აქვთ აზერბაიჯანსა და საქართველოს სწორი იქნება ვთქვათ ფორმატში, რომელიც არსებობს აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის, შეიძლება სამაგალითო იყოს ბევრი ქვეყნისთვის და სწორედ ამ თანამშრომლობამ მოგვცა იმის საშუალება, რომ განგვეხორციელებინა ისეთი პროექტები, რომელთა მნიშვნელობაც რეგიონულ მასშტაბს ცდება. ეს არის პროექტები პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროშიც, რომლითაც, ჩვენ ვფიქრობ, გარკვეულწილად შევძელით, შეგვეცვალა ევრაზიის ენერგო რუკა. ამავდროულად გვაქვს პროექტები ტრანსპორტის სფეროში, დიდი რაოდენობით პროექტები პროექტები ეკონომიკის მიმართულებით და ბუნებრივია, კონტაქტები, რომელიც არსებობს ჩვენს ხალხებს შორის, თბილი და მჭიდრო მეგობრობისა. მე დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ ჩვენი ურთიერთობების მომავალს“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.