ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ძმობის, მეზობლობის პირობებში თანაცხოვრობენ, დღეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დიდი სისწრაფით ვითარდება
ჩვენი ქვეყნები მხარს უჭერდნენ ერთმანეთს საბჭოთა კავშირის პერიოდში დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში, ეს მხარდაჭერა დღესაც წარმატებით გრძელდება ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩემი და დელეგაციის წევრების მიმართ გამოჩენილი მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის. შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი და უმაღლესი დონის ურთიერთობისა და პარტნიორობის ყველა ასპექტზე. აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, ძმური, მეზობლური და თანამშრომლობის პირობებში თანაცხოვრობენ. ჩვენი სახელმწიფოები ერთობლივ ნაბიჯებს დგამდნენ სახელმწიფოს მშენებლობის კუთხითაც, თუნდაც 100 წლის წინ, როდესაც ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩვენი ქვეყნები მხარს უჭერდნენ ერთმანეთს საბჭოთა კავშირის პერიოდში დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში და ეს მხარდაჭერა დღესაც ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე წარმატებით გრძელდება. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ორი ხალხის ნებაზეა დაფუძნებული და სტრატეგიულ პარტნიორობას ემყარება“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობა დიდი სისწრაფით ვითარდება.
„სახელმწიფო და მთავრობის წარმომადგენლები მაღალ დონეზე ამ მიმართულებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორთაგანია. ქვეყნებს საერთაშორისო დონეზე, ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციისა და უსაფრთხოების კუთხით დიდი წვლილი შეაქვთ მსოფლიოში. კონკრეტულად, ამ მხრივ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსის მილსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი და თუნდაც, წლის ბოლომდე დაგეგმილი დიდი ტრანსნაციონალური, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის დასრულება. აღნიშნული პროექტები არამხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ ევროპის ენერგეტიკული მომარაგებისთვის მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ჩვენი ხალხები ამ პროექტებით პრაქტიკულ შედეგებს ხედავენ. 2019 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 650 მილიონ დოლარზე მეტი იყო. წინა წელთან შედარებით, 11 პროცენტზე მეტი მატება შეინიშნება. რა თქმა უნდა, წელს პანდემიამ აღნიშნულ ურთიერთობებზე გავლენა იქონია და დარწმუნებული ვარ, მომავალში აღნიშნული მიმართულებით გაძლიერება-გაფართოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნებისთვის ურთიერთობის გაფართოების მიზნით ეკონომიკური მიმართულებით დიდი პოტენციალი გაგვაჩნია“, – აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.