ჯეი დი ვენსი - მსოფლიოში სამი ცხელი წერტილია, რომელთაგან თითოეულს აქვს პოტენციალი, გადაიზარდოს მასშტაბურ გლობალურ კონფლიქტში, ეს ძალიან საშიშია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ჯეი დი ვენსმა უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარადგინა. ამის შესახებ მან „შონ რაიანის შოუში“ ისაუბრა.
ვენსის თქმით, მშვიდობიანი დარეგულირება, შესაძლოა, ითვალისწინებდეს რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამინდელი გამიჯვნის ხაზზე დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
„ვფიქრობ, ასე იქნება: ტრამპი ჯდება და ეუბნება რუსებს, უკრაინელებს, ევროპელებს: თქვენ უნდა გაარკვიოთ, როგორ გამოიყურება მშვიდობიანი დარეგულირება. და შესაძლოა, ის გამოიყურება როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამინდელი გამიჯვნის ხაზი, რომელიც ხდება დემილიტარიზებული ზონის მსგავსი, ხდება მისი ძლიერ გამაგრება, რომ რუსები აღარ შეიჭრნენ კვლავ. უკრაინა ინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რუსეთი იღებს ნეიტრალიტეტის გარანტიას უკრაინისგან, რომ ის არ გაწევრიანდება ნატო-ში, არ გაწევრიანდება მსგავს სამოკავშირეო ინსტიტუტებში. ვფიქრობ, ეს ასე გამოიყურება. ამავე დროს, გერმანელებმა და სხვა ქვეყნებმა უნდა დააფინანსონ უკრაინის აღდგენა. ვფიქრობ, რომ გარიგება, შესაძლოა, ასე გამოიყურებოდეს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ინტერვიუს დროს ჯეი დი ვენსმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებს აქვთ კორუფციასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა.
ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ევროპამ საკმარისად არ დააფინანსა უკრაინაში მიმდინარე ომი მაშინ, როდესაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელები იყვნენ ძალიან გულუხვი უკრაინელების მიმართ.
ჯეი დი ვენსის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ამ პრობლემას ფული დაახარჯონ და ჰქონდეთ იმედი, რომ უკრაინელები შეძლებენ სამხედრო გამარჯვების მოპოვებას, რაზეც უკრაინელებიც კი ამბობენ, რომ მისი მიღწევა არ შეუძლიათ.
„დონალდ ტრამპის პოლიტიკა კი შემდეგია – დიახ, იყავით ძლიერი, თუმცა ასევე იყავით ჭკვიანი. აწარმოეთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა.
ჯეი დი ვენსმა ასევე დაასახელა მსოფლიოს სამი ცხელი წერტილი, რომლის მსოფლიო ომში გადაზრდის საფრთხე არსებობს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს აქვს წითელი ხაზები, რომელთაგან ზოგიერთის შესახებ ჩემთვის ცნობილია. ისეთი სიტუაცია თუ იქნება, სადაც რუსეთის წითელი ხაზი გადაკვეთილი იქნება, ის არის ბირთვულის სახელმწიფო და შეუძლია, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება დაიწყოს აღმოსავლეთ უკრაინაში. თუ ეს მოხდება, მაშინ, სულ მცირე, რამდენიმე აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას, როგორიცაა პოლონეთი, მოუწევს ჩარევა და ეს მიგვიყვანს მესამე მსოფლიო ომის სცენარამდე; ვფიქრობ, ყველაზე სავარაუდო და ყველაზე საშიში სცენარი ამჟამად არის ირანი და ისრაელი. ისრაელში არის განგაშის მაღალი დონე, ხდება ტერორისტული თავდასხმები, ისინი ცდილობენ, გაუმკლავდნენ „ჰამასს“. რა მოხდება, თუ ჩრდილოეთ ისრაელში ირანის მიერ მხარდაჭერილი მავნებლების ჯგუფი დაიწყებს ისრაელისა და ათასობით მოქალაქის მოკვლას? ისრაელი შეიჭრება, ირანელები კონტრშეტევას დაიწყებენ და ისრაელი და ირანი რეგიონულ კონფლიქტში ჩაებმებიან, შესაძლოა, ჩაერიონ თურქები, არაბები და ესეც არის ის, რაც, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს; და ასევე, თქვენ იცით, რომ ჩინეთს სურს ტაივანი. ყველა ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია, გვეუბნება, რომ ჩინეთს სურს ტაივანი. ვფიქრობ, ამერიკამ ტაივანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დატოვა, რადგან ჩვენ მთელი ჩვენი იარაღი უკრაინას გავუგზავნეთ და არა მგონია, რომ ახლა ტაივანმა შეძლოს ჩინეთის ინტერვენციის მოგერიება. და თუ ჩინეთი შეიჭრება ტაივანში, ეს გაამწვავებს იქ კონფლიქტს. ასე რომ, ეს ამჟამად არის სამი ცხელი წერტილი მსოფლიოში, რომელთაგან თითოეულს აქვს პოტენციალი, გადაიზარდოს მასშტაბურ გლობალურ კონფლიქტში. ეს ძალიან საშიშია“, – თქვა მან.