ჯეფრი საქსი - აშშ-ის ფორმალური პოზიცია, რომ შეგვიძლია წავიდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, უკრაინაში ან საქართველოში, განვათავსოთ რაკეტები და ეს რუსეთის საქმე არ არის, აფეთქებამდე მიგვიყვანს, თუ საღ აზრს არ გამოვიჩენთ
ამერიკის შეერთებული შტატები ექსპანსიური სახელმწიფოა. თუ ვამბობთ, რომ რუსეთიც ასევე ექსპანსიურია, მოდით, მათ შორის რაღაც დისტანცია დავტოვოთ. სწორედ ამას ამბობს პუტინი ათწლეულების განმავლობაში, – ამის შესახებ პროფესორმა ჯეფრი საქსმა პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
ჯეფრი საქმის მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პროვოკაცია იყო უკრაინის პრეზიდენტის, იანუკოვიჩის გადაგდება და 2022 წელს ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა, ბირთვული იარაღის პოლონეთსა და რუმინეთში განთავსება.
„როდესაც რუსეთმა თქვა, რას აკეთებთ, თქვენ ხომ უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას ანგრევთ, აშშ-ის პასუხი იყო: თქვენი საქმე არ არის, რას ვაკეთებთ. ნატო თქვენი საქმე არ არის. ეს არის აშშ-ის ფორმალური პოზიცია, რომ შეგვიძლია წავიდეთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ან საქართველოში, განვათავსოთ იქ რაკეტები და ეს რუსეთის საქმე არ არის. ეს ყველაფერი აფეთქებამდე მიგვიყვანს, თუ ცოტაოდენ საღ აზრს არ გამოვიჩენთ“, – მიიჩნევს საქსი.
საქსმა ისაუბრა ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ლინდსი ორურკის წიგნის, „რეჟიმის ფარული შეცვლის“ შესახებ. როგორც საქსი ამბობს, წიგნში აღნიშნულია, რომ 1947-1989 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, „სიაიეის“ ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 64 რეჟიმი შეცვალა.
„1954 წელს დავიბადე და არაფერი მინახავს ამერიკის ომებისა და „სიაიეის“ ოპერაციების გარდა. მას შემდეგ, რაც 40 წლის წინ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გავხდი, ბევრი ასეთი შემთხვევა პირადად ვნახე და ამ ყველაფერმა დამღალა“, – ამბობს საქსი.