კანადა უკრაინისთვის იარაღის გადასაცემად ემზადება. როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, კანადამ უკვე შეიყვანა უკრაინა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელსაც შეიარაღებას მიჰყიდის. ამის შესახებ ტრუდომ ორ ივლისს, უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯასტინ ტრუდოს თქმით, შესაბამისი განცხადება ოტავამ კიევის მხარდასაჭერად მიიღო, რომელიც რუსეთს წინააღმდეგობას უწევს. კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო სამართალსაც უქმნის.
„რუსეთის აგრესიის, უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ნორმებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის ფონზე, რაც ყირიმის უკანონო ანექსიასაც მოიცავს, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც კანადაა, მნიშვნელოვანია იდგნენ პარტნიორების მხარდამხარ“, – განაცხადა კანადის პრემიერ მინისტრმა.
ტრუდოს თქმით, კანადამ უკვე დააბანდა ინვესტიციები უკრაინაში ამუნიციის მწარმოებელ საწარმოში და ასევე გააგრძელებს უკრაინის არმიის რეფორმირების პროცესში მონაწილეობას. უკრაინაში ამჟამად 200 კანადელი სამართალდამცველია დისლოცირებული.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ კანადა უკრაინაში საპოლიციო ძალების რეფორმირებისთვის 45 მილიონ დოლარს გამოყოფს.