ჯასტინ ტრუდო - ისრაელის მთავრობას მაქსიმალური თავშეკავებულობისკენ მოვუწოდებ, მსოფლიო ქალების, ბავშვების, ჩვილების მკვლელობის მოწმეა, ეს უნდა შეჩერდეს
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ქალების, ბავშვებისა და ჩვილების მკვლელობა უნდა დასრულდეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ტრუდომ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცახდა.
„ისრაელის მთავრობას მაქსიმალური თავშეკავებულობისკენ მოვუწოდებ. მსოფლიო უყურებს ტელევიზიით, სოციალურ მედიაში – ჩვენ ვისმენთ ჩვენებებს ექიმებისგან, ოჯახის წევრებისგან, გადარჩენილებისგან, ბავშვებისგან, რომლებმაც მშობლები დაკარგეს. მსოფლიო ქალების, ბავშვების, ჩვილების მკვლელობის მოწმეა. ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ტრუდომ.
ამასთან, კანადის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ უნდა შეწყვიტოს პალესტინელების ცოცხალ ფარად გამოყენება და გაათავისუფლოს ყველა მძევალი.
ჯასტინ ტრუდოს თქმით, ისრაელიდან ევაკუირებულია 350-მდე ადამიანი, რომლებიც კანადის მოქალაქეები, მუდმივი მცხოვრებლები ან კანადის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან.