ჯასტინ მაკენზი სმიტი - ვისურვებდი, საქართველოში დადგეს დღე, როცა საერთაშორისო საზოგადოების როლი ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება
არჩევნები და დემოკრატიზაციის პროცესი განგრძობითია და მოვუწოდებ ყველა ქართულ პარტიას, რომ ასეთი სულისკვეთებით მოეკიდონ ამ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის არჩევნები და რას აკეთებს ქვეყანა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე მთავარი ამ პროცესის მხარდაჭერაა. ორშაბათს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ისტორიულს ვუწოდებდი. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა ეს ცვლილებები. ასევე, ქედს მოვიხრი ფასილიტატორების წინაშე. პროვოკაციული რომ ვიყო, ვისურვებდი, საქართველოში დადგეს დღე, როცა საერთაშორისო საზოგადოების როლი საქართველოში ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა.
მისივე თქმით, არჩევნებისა და დემოკრატიზაციის პროცესი განგრძობითია.
„ძველი გამონათქვამი – პრაქტიკაში ყველაფერი იხვეწება, არჩევნებთან დაკავშირებით არ მუშაობს. გაერთიანებულ სამეფოში პირველი არჩევნები 1708 წელს გვქონდა, ბოლო არჩევნებში 2019 წლის დეკემბერში და 30-მდე რეკომენდაცია მივიღეთ ცესკო-სგან, თუ როგორ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ საარჩევნო პროცესი. არჩევნები და დემოკრატიზაციის პროცესი განგრძობითია და მოვუწოდებ ყველა ქართულ პარტიას, რომ ასეთი სულისკვეთებით მოეკიდონ ამ საკითხს. არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე არჩევნების დღე. არჩევნები დამოკიდებულია იმ დემოკრატიულ საფუძველზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ეს ის საკითხია, სადაც საერთაშორისო საზოგადოებამ ასევე უნდა ითამაშოს როლი. ძალიან ოპტიმისტურად განმაწყობს იმ ახალგაზრდების დანახვა, რომლებიც დემოკრატიის დაცვას დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ“, – განაცხადა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.