მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი, იმის ნაცვლად, რომ ამ მტკიცებულებებზე ვისაუბროთ და დემონსტრირება მოვახდინოთ, ვისმენთ პოლიტიკურ ლოზუნგებს, ერთსაათიანი გამოსვლა ვიხილეთ მხოლოდ სანახაობა და რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით, – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ განცხადება იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს გვაქვს წარმოდგენილი. როგორც ახლა ვხვდებით, არც ადვოკატებს და არც ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ამ მტკიცებულებების მოსმენა და მათ შინაარსზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ერთსაათიანი გამოსვლა საქმის გარემოებებს ფაქტობრივად არ ეხებოდა, ვუსმენდით ამას, მიუხედავად ამისა, ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი განმარტება წარდგენილ ბრალდებებზე, მაგალითად, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე, უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერც ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ მაგალითად „ტელეიმედის“ დარბევაზე, რაც არის დღეს განსახილველი საქმის მთავარი ბრალდება. ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერც ერთი განმარტება ვერ მოვისმინეთ თუნდაც იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც არის ბრალდების ძირითადი ეპიზოდი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
პროკურორს რეპლიკით მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ: „ჯარჯი, ვერაფერი გაგიგია. თვალებზეც გეტყობა, რომ ვერ გაიგე ვერაფერი“, – რაზეც პროკურორმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარე საუბრის საშუალებას არ აძლევს.
„ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი იმ გარემოებებზე. ახლაც კი არ მაცლის ადვოკატი, რადგან არ აწყობთ მათ საქმის შინაარსზე საუბარი. ჩვენ ვერც ერთი განმარტება ვერ მოვისმინეთ, მაგალითად, არკადი პატარკაციშვილის ოჯახს დანაშაულებრივად წაართვეს ქონება, ამაზე გვაქვს მტკიცებულებები წარმოდგენილი. ე.წ. მემორანდუმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებითა და მითითებით გაფორმდა ამ ოჯახის მიმართ საიდუმლო პირობებში, არის უტყუარი დასტური, რომ ამ ოჯახს ჩამოართვეს ქონებები. ამაზე მოვისმინეთ ერთი სიტყვა მაინც ბრალდებულის მხრიდან? ეს შეკითხვები არსებობს, ეს მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი და იგი პასუხებს ვერ სცემს. ეს იყო ვრცელი განმარტება ყველაფერზე, გარდა ამ საქმისა. თქვენ ალბათ მოისმინეთ, პატივცემულო სასამართლო, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ბრალდებულმა მანიაკალური უწოდა 7 ნოემბრის საქმის გამოძიებას. ახლა შუქდება ხომ, მთელი საზოგადოება ხომ უყურებს. ამ საქმის ამ გარემოებებს რომ ისმენს მათ შორის ათეულობით დაზარალებული. ჩვენ დღეს რა მოვისმინეთ? არ შეიძლება, ამაზე ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, აქცენტი არ გავაკეთოთ. მოვისმინეთ, რომ 7 ნოემბერს არავინ დაზარალებულა და მიხეილ სააკაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია დარბევასთან. ვანო მერაბიშვილმა დაარბიაო, მე არანაირი შეხება არ მქონდაო, ასეთი განმარტება მოვისმინეთ. ეს დაზარალებული ხომ უყურებს, მოლოდინი ხომ აქვს, რომ მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ დღეს. 200-მდე დაზარალებული მარტო საავადმყოფოში მოხვდა 7 ნოემბერს და როგორ შეიძლება, ვუსმინოთ, რომ არავინ დაზარალებულა. მე მოკლედ გეტყვით რამდენიმე გვარს: ვახტანგ ინასარიძე, ვიქტორ ხოშავა, ეს დაზარალებულები ვერ მოვლენ პროცესზე, იმიტომ ვერ მოვლენ, რომ გარდაიცვალნენ იმ ტრავმების ფონზე, რაც მიიღეს 7 ნოემბერს. როგორ შეიძლება, ვთქვათ, რომ არავინ დაზარალებულა. ეს მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი და იმის ნაცვლად, რომ ამ მტკიცებულებებზე ვისაუბროთ და დემონსტრირება მოვახდინოთ, ვისმენთ პოლიტიკურ ლოზუნგებს და ერთსაათიან გამოსვლა ვიხილეთ მხოლოდ სანახაობა და რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით“, – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
პროკურორს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები შეეპასუხნენ, რაზეც ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ადვოკატებს არ უნდათ მტკიცებულებების მოსმენა.
ამასთან, ადვოკატებს მოსამართლემაც მიმართა, რომ ბრალდების მხარეს ისევე აქვს განცხადების გაკეთების უფლება, როგორც დაცვის მხარეს.
ჯარჯი წიკლაურის თქმით, ბრალდებას აქვს მტკიცებულებები.
„ელემენტარული ხუთწუთიანი მოთმინება არ გაქვთ და ჩვენ მიგვითითებთ ერთი საათი რატომ არ ვუსმინეთ ჩვენს შეურაცხყოფას, ამაზე მიგვითითებთ და ხუთი წუთი ვერ გვისმენთ. ჩვენი განსახილველი საქმე სასამართლოს კარგად მოეხსენება, რომ პირველ რიგში გირგვლიანის საქმეს ეხება, რადგან ეს რომ გააშუქა „ტელეიმედმა“, ამიტომ დაარბიეს. და გირგვლიანის საქმეზე დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომ ეს არის მოგონილი და პიარული საქმე. ეს ვიდეომასალა ჩვენ ამ საქმეში უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ გაშუქდა გირგვლიანის დეტალები. 28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს. ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული მიგვითითებს, რომ ეს საქმე პიარულია, გესმით? შეიწყალა მან მკვლელები იმიტომ, რომ დამკვეთები დათა ახალაია და სხვა მართლა მანიაკები არ ემხილათ. ეს იყო გირგვლიანის საქმე და დღეს ჩვენ ერთი საათი გვიწევს მოსმენა, რომ ეს საქმე პიარულია, არ არსებობს და ჩვენ ვყოფილვართ მანიაკები, რომ 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიება ჩავატარეთ. მოგვეცით ამ მტკიცებულებების გამოკვლევის საშუალება. უამრავი ადამიანი გვიყურებს, დაზარალებულები ხომ გვიყურებენ, ათობით, ასობით დაზარალებული 7 ნოემბრისა. მათ აინტერესებთ მტკიცებულებების შინაარსი, არა პოლიტიკური ლოზუნგები და რაღაც სანახაობის მოსმენა. მოგვეცით საშუალება, ეს მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. ხელოვნური შუამდგომლობები და ადვოკატების მხრიდან ხელშეშლა, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ეს მტკიცებულებები, ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. ვერც მუქარები ჩვენს მიმართ ნიკა გვარამიასი და სხვათა. ჩვენ ამის გამო უარს არ ვიტყვით მოვალეობის შესრულებაზე. ნება იბოძეთ, მოუსმინეთ ამ მტკიცებულებებს და მიიღეთ გამოკვლევაში მონაწილეობა. თუ გინდოდათ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს მართლმსაჯულებაში მიეღო მონაწილეობა, მართლმსაჯულება არის მტკიცებულებების გამოკვლევა და პასუხის გაცემა იმ შეკითხვებზე, რაც არსებობს მიხეილ სააკაშვილის მიმართ. სანაცვლოდ, ბრალდებულმა არ ისურვა და დატოვა დარბაზი, როცა ჩვენ უნდა წარმოგვედგინა მტკიცებულებები. მე მინდა, ხაზგასმა გავაკეთო, რომ თქვენი დესტრუქციული გამოსვლები და ჩვენი შეურაცხყოფა მაინც ვერ შეაჩერებს მართლმსაჯულების პროცესს. ამ მტკიცებულებებს ჩვენ ამ პროცესზე თუ არა, უახლოეს პროცესებზე წარმოვადგენთ და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ამაზე პასუხების გაცემა“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.