ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელის დამზადების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს.
საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში სხვადასხვა დასახელების სუნელს ამზადებდა, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.