ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოში თამბაქოს ნაწარმი მოზარდებზე ისევ იყიდება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებაში არსებული ხარვეზები გამოავლინეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების იან გრეისა და პოლ ჰუპერის განცხადებით, ბაზრობების ტერიტორიებზე არიან ხელით მოვაჭრეები, რომლებიც სიგარეტს ღერებით ყიდიან, მათ შორის მოზარდებზე, რაც კანონით ჯერ კიდევ 2003 წლიდანაა აკრძალული.
ექსპერტების შეფასებით, აუცილებელია თამბაქო ისე იყიდებოდეს, რომ ბავშვები მას ვერ ხედავდნენ.
ექსპერტებმა ლუგარის ცენტრში მასტერკლასი გამართეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო, სამინისტროს წარმომადგენლების მომზადება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და პოპულარიზაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულებისთვის. ექსპერტებმა ქართველ აღმასრულებლებს არასრულწლოვანებზე თამბაქოს მიყიდვის აკრძალვის აღსრულების საკითხებში ინგლისის გამოცდილება გააცნეს.
ექსპერტების თქმით, აუცილებელია, მაკონტროლებლები სისტემატურად მიმართავდნენ საერთაშორისო პრაქტიკას, თამბაქოს ნაწარმის ღერებით ე.წ. სპეციალურ საკონტროლო შესყიდვებს, მათ შორის, ლეგალური გზით არასრულწლოვaნთა მონაწილეობით.
ექსპერტების განმარტებით, ევროპის ქვეყნებში არასრულწლოვნებს ამ მეთოდში ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვით, მშობლებთან შეთანხმებით, სამართალდამცველების სრული კონტროლის ქვეშ რთავენ.
მასტერკლასზე ის რეგულაციაც განიხილეს, რომელიც ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის და რომლის თანახმად, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის ელექტრონული სიგარეტის) დადება ვიტრაჟებსა და ვიტრინებში. ასევე იკრძალება ე.წ. დრაივ თობაქოს ჯიხურებიდან თამბაქოს ნაწარმის შეძენა მანქანიდან გადმოუსვლელად. საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი, 4000 ლარის ოდენობით. ამ მიმართულებების დარღვევებზე რეაგირება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ევალება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, საქართველოში თამბაქოს ნაწარმს არასრულწოვანთა 15% მოიხმარს.
საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები პირველი მაისიდან ამოქმედდა.