ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტეტში „კოვიდ-19“-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ იმსჯელეს.
„საკომიტეტო მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვიყენებთ შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ექსპერტების გამოცდილებას, რესურსს, მათ ჩართულობას. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელიც გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და ჯანდაცვის სექტორი დგას ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, კომიტეტის გადაწყვეტილებები უნდა იყოს არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სასარგებლო ამ მძიმე გამოწვევის დაძლევის გზაზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სხვა დარგობრივ, პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად შეგვექმნა საბჭო, სადაც გაერთიანდებოდნენ სწორედ ამ დარგის სპეციალისტები: ეპიდემიოლოგები, კრიზისის მართვის სპეციალისტები“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტმა საბჭოს დებულება ერთხმად დაამტკიცა.
დღესვე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმებას (COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება)“ (07-2/537; 04.11.2020).
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სესხის მოცულობა 15 მლნ. ევროა, სესხის ხანგრძლივობა კი 30 წელი.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტის „კოვიდ-19“-ის პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება“ ფარგლებში გამოყოფილი თანხა გათვალისწინებულია შესაბამისი პირებისთვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით.
გიორგი კაკაურიძემ ასევე წარმოადგინა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა)“ (07-2/538; 09.11.2020). მისი თქმით, ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად სესხის მოცულობა 170 მლნ 823 ათასი ევროა, ხოლო ხანგრძლივობა – 15 წელი. პროგრამა მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკაზე და საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების კეთილდღეობაზე პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებასა და ეკონომიკური ზრდისთვის მდგრადი გზების მოძიებას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ საკითხებს.