ჯანი ბუკიკიო - მინდა აღვნიშნო ირაკლი კობახიძის შრომა, მან ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგის მისაღწევად
ჯანი ბუკიკიო - მინდა აღვნიშნო ირაკლი კობახიძის შრომა, მან ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგის მისაღწევად

საკონსტიტუციო რეფორმა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და გაუმჯობესება – ასე აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო.

ბუკიკიო გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის.

„ეს არის გაუმჯობესება. როგორც დისკუსიისას აღვნიშნე, ჩვენ საქართველოსთან 1993 წლიდან ვთანამშრომლობთ. მას შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. აღნიშნული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.

მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდადება და შრომა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ შედეგის მისაღწევად“, – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ.