ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს მთავრობას თამბაქოს კონტროლის შესახებ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისარი ვიტენის ანდრიუკაიტისი საქართველოს მთავრობას თამბაქოს კონტროლის თაობაზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
როგორც ევროკომისარმა ვიტენის ანდრიუკაიტისმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მთავრობამ ამ მიმართულებით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„მთავრობამ უნდა წარადგინოს პროგრამა და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას საქართველოში, ასევე კიბოს დაავადების გავრცელებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკას. მთავრობამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რა შეიძლება, ამ სურათის შესაცვლელად გაკეთდეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა. ასევე, კარგი იქნება სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის გაზიარება და ახსნა ქართველი ხალხისთვის, რომ ქვეყანა მიჰყვება და ნერგავს ამ პრაქტიკას. ამასთან, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ საქართველო ხელს აწერს ადამიანის უფლებების კონვენციას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას და ეს ყველაფერი საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება. ცნობიერების ამაღლების კამპანია უნდა იყოს ძალიან მძლავრი”, – აცხადებს ვიტენის ანდრიუკაიტისი.
ამასთან, ევროკომისარი საქართველოსა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მთავრობებს არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ კონტროლის გამკაცრებისკენაც მოუწოდებს. მისი განცხადებით, ეს მთავრობებმა აქციზის ზრდის განაკვეთის პარალელურად უნდა გააკეთონ.
„ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქციზის განაკვეთის უმაღლესი დონე აქვს დაწესებული და ისინი ამას საკუთარი კანონმდებლობით არეგულირებენ. რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ რეგიონულ სიტუაციას, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში აქციზის განაკვეთი დამოკიდებულია კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობებზე, ჩრდილოვან ეკონომიკაზე. მთლიანობაში კი, რაზეც ვდაობთ სხვა ქვეყნებთან არის ის, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ პროტოკოლი თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ, რადგან ევროკავშირი არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ მკაცრ სტანდარტებს ნერგავს, თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნები ამას არ აკეთებენ“, – განმარტავს ვიტენის ანდრიუკაიტისი.
მისივე თქმით, მთავრობებმა ელექტრონული სიგარეტისა და მოწყობილობების რეგულირებაც უნდა გაამკაცრონ, რადგან, ევროკომისრის მოსაზრებით, ახალი ტიპის მოწყობილობები განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, შესაბამისად, მათზე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.
„თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს, შექმნას ახლებური მოწყობილობები და წარადგინოს, როგორც ნაკლებად საზიანო, თუმცა ეს ასე არ არის. მთავრობაზე და პარლამენტზეა დამოკიდებული, რომ მინიმუმზე დაიყვანოს ზემოქმედება და ახალი თაობები დაიცვას თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენისგან. დღესდღეობით, ევროკავშირის სტანდარტებით, ელექტრონული სიგარეტი კანონმდებლობით დაშვებულია და რეგულირდება, მაგრამ ეს საერთო კანონმდებლობაა. მთავრობებმა ინდივიდუალურად უნდა შეაფასონ ვითარება ეპიდემიოლოგიური კუთხით და წარადგინონ ბევრად უფრო ეფექტიანი რეგულაციები მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად. ძირითადად, საუბარია ბავშვებზე, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი არჩევანი, და მიჰყვებიან უფროსების მაგალითს, ისევე როგორც „ქუულ (cool) იდეას“ – აცხადებს ევროკომისარი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
ავტორი: ეკა გაზდელიანი