საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება.
დევნილები მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
მათი თქმით, ბინების განაწილება უსამართლოდ ხდება და სურთ, შეჩერდეს სპეციალური კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შერჩეულ ოჯახებს ბინები არ გადაეცეთ.
აქციის მონაწილეები სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქულების მინიჭება აპლიკანტებისთვის თანხის სანაცვლოდ ხდება. შეკრებილთა მოთხოვნებს შორის არის ახალი კომისიის დაკომპლექტებაც. მათი განცხადებით, ისინი არსებულ შემადგენლობას არ ენდობიან და უნდათ, კომისიის მუშაობაში თავადაც ჩაერთონ.
აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, რისთვისაც ერთსაათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად შევლენ ეკატერინე ტიკარაძესთან.