ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე პროტოკოლში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ
ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე დღეს ექიმები ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ჯანდაცვის პროტოკოლში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებენ, რომლის მიხედვითაც, კლინიკური ჯგუფის დაქვემდებარების ქვეშ მობილური ჯგუფები შეიქმნება.
მობილური ჯგუფები რეანიმატოლოგებით, ინფექციონისტებითა და სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. მათი მიზანი მძიმე პაციენტების მონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში ჩართვა იქნება.
„დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ გადავედით მართვის უფრო აქტიურ ფაზაზე. ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კლინიკური ჯგუფის გააქტიურება, არა მხოლოდ ინტელექტუალური გაიდლაინებსა და თეორიულ ნაწილზე მუშაობის კუთხით, არამედ ჩვენი პრაქტიკოსი ექიმების უფრო მეტად ჩართვა ოპერატიული მართვის დონეზე.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, ვინ იქნებიან ის დამატებითი წევრები, ვინც კლინიკური ჯგუფის დაქვემდებარების ქვეშ, ოპერატიულ დონეზე ითანამშრომლებენ ჩვენს კლინიკებთან, რათა უფრო აქტიურად მოხდეს პაციენტებზე მონიტორინგი და ეს პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე.
დღეს ვგეგმავთ, რომ დამატებით განვიხილოთ ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც დღემდე იყო შემუშავებული, შევიტანოთ სიახლეები იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც პრაქტიკული მუშაობიდან დავინახეთ, ასევე ჩავრთოთ გუნდის ახალი წევრები, მოვისმინოთ მათგან ალტერნატიული აზრი. ამის შემდეგ უკვე შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდება რეანიმატოლოგებით, ინფექციონისტებითა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. მათი ზედამხედველობით მოხდება თითოეულ კლინიკაში ჩართულობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.